ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF)

ინ ვიტრო განაყოფიერება (ე.წ. ხელოვნური განაყოფიერება) უშვილობის მკურნალობის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიაა (Assisted Reproductive Technologies – ART), რომელიც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების ორგანიზმის გარეთ შერწყმას გულისხმობს. შედეგად, მიღებული ემბრიონის ქალის საშვილოსნოში გადატანა ხდება. ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობა (In Vitro Fertilization) რამოდენიმე ეტაპისგან შედგება. მისი შედეგი კი შემთხვევათა 57%-86%-ში ორსულობის დადებითი ტესტით სრულდება.

ინ ვიტრო განაყოფიერება (IVF) შემდეგი ეტაპებისგან შედგება: საკვერცხეების სტიმულაცია; კვერცხუჯრედის ასპირაცია (ამოღება); განაყოფიერება და ემბრიონის განვითარება. ბოლოს კი ყველაფერი ემბრიონის გადატანით სრულდება, დარჩენილი ემბრიონები კი იყინება

ინ ვიტრო განაყოფიერების ძირითადი ეტაპები

ინ ვიტრო განაყოფიერება ეტაპი I – საკვერცხეების სტიმულაცია

ერთი ციკლის განმავლობაში ქალს ბუნებრივად ერთი კვერცხუჯრედი უმწიფდება; მაგრამ ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით მკურნალობა (ე.წ. ხელოვნური განაყოფიერება) რომ ეფექტური იყოს, მრავალი კვერცხუჯრედის მიღებაა სასურველი. საკვერცხეების სტიმულაცია სწორედ ამ მიზნით ხდება. საკვერცხეებში ფოლიკულების სტიმულაციისთვის ექიმი სათანადო პრეპარატებს — გონადოტროპინებს (Puregon; Gonal F; menopour; და ა.შ.) ნიშნავს. საკვერცხის მედიკამენტოზურ სტიმულაციას „საკვერცხის კონტროლირებადი სტიმულაცია“ (COS – Controlled Ovarian Stimulation) ეწოდება.

ქალი მედიკამენტებს 7-13 დღის განმავლობაში იღებს. მათი დოზა და ზუსტი ხანგრძლივობა კი დამოკიდებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასაკზე, წონაზე და ა.შ.; ფოლიკულების ზრდის მონიტორინგისთვის ულტრაბგერითი კვლევა (ექოსკოპია) და ლაბორატორიული ტესტები გამოიყენება.

ინ ვიტრო განაყოფიერება ეტაპი II – კვერცხუჯრედის ასპირაცია (ამოღება)

კვერცხუჯრედები მოთავსებულია საკვერცხეების ფოლიკულებში და მათი ზრდა არის კვერცხუჯრედის მომწიფების მაჩვენებელი. როდესაც ფოლიკულები საჭირო ზომას აღწევს, ქალს ფოლიკულების ასპირაცია (ამოღება) უტარდება. ReproART-ში ეს პროცედურა ქალისთვის საკმაოდ მარტივად მიმდინარეობს. იგი უმტკივნეულო და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. ფოლიკულების ასპირაცია სულ 15-30 წუთს გრძელდება. პროცედურა ინტრავენური ანესთეზიით ტარდება. სპეციალური წვრილი ნემსით, საკვერცხეებიდან ფოლიკულური სითხის ამოღება ულტრაბგერითი კონტროლით ხდება. ქალი რამდენიმე საათის განმავლობაში მოსვენებულ მდგომარეობაში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება; ხოლო შემდეგ სახლში მიდის და ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმს უბრუნდება.

ფოლიკულების ამოღების დღე მათი ზომების მიხედვით, ექიმის გადაწყვეტილებით ინიშნება. მომავალი დედა ოვულაციის ინიცირებისთვის (trigger) მედიკამენტს იღებს. კვერცხუჯრედის ამოღება კი ბოლო ინექციიდან 34-36 საათის შუალედში ხდება.

ინ ვიტრო განაყოფიერება ეტაპი III – განაყოფიერება და კულტივაცია

ასპირაციით მიღებულ ფოლიკულურ სითხეში ემბრიოლოგი კვერცხუჯრედებს ეძებს; ამოწმებს მომწიფების სტადიას; კვერცხუჯრედს სპერმის იმ რაოდენობას ამატებს, რომელიც განაყოფიერებისთვისაა აუცილებელი. ამას ‘სტანდარტული ინ ვიტრო განაყოფიერება’ ჰქვია. თუ საჭიროება მოითხოვს, კვერცხუჯრედის განაყოფიერება შესაძლებელია მოხდეს ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციით (ICSI – Intracytoplasmic Sperm Injection). კვერცხუჯრედის განაყოფიერება დაახლოებით 18 საათის შემდეგ დგინდება. მის შემდგომ განვითარებას კი ემბრიოლოგი 24-72 საათის განმავლობაში აკვირდება.

როცა ინ ვიტრო განაყოფიერება (In Vitro Fertilisation) წარმატებულია, ემბრიონები ლაბორატორიაში 2-5 დღე, ზოგჯერ 6, იშვიათად კი 7 დღე რჩება. მე-5 დღეს ემბრიონი ბლასტოცისტად ყალიბდება. ემბრიონის ბლასტოცისტამდე გაზრდა ერთი ემბრიონის გადატანის შესაძლებლობას გვაძლევს. ამით მრავალნაყოფიანი ფეხმძიმობის რისკი მცირდება.

ინ ვიტრო განაყოფიერება ეტაპი IV – ემბრიონის გადატანა

მომავალი დედის საშვილონოს ღრუში საუკეთესო ემბრიონის გადატანა წვრილი კათეტერით, განაყოფიერებიდან 3-5 დღეში, ექო-მონიტორინგის ქვეშ ხდება; პროცედურა უმტკივნეულოა და სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარეობს.

ემბრიონის გადატანის შემდეგ პაციენტმა საჭირო მკურნალობა უნდა გააგრძელოს. ორსულობის ტესტი კი გადატანიდან მე-9-მე-11 დღეს ტარდება.