კვერცხუჯრედის გაყინვა

რას ნიშნავს კვერცხუჯრედის გაყინვა?

კვერცხუჯრედის გაყინვა ვიტრიფიკაციის მეთოდით, ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობის დროს, გარდამტეხი მოვლენა გახდა ისეთი ქალებისთვის, რომლებსაც სხვა შემთხვევაში ბიოლოგიური შვილი არ ეყოლებოდა. დედის ახალგაზრდობაში გაყინული და წლების შემდეგ გამოყენებული კვერცხუჯრედით ბევრი ბავშვია დაბადებული.

კვერცხუჯრედის გაყინვა ვიტრიფიკაციით გულისხმობს კვერცხუჯრედების სპეციალურ ხსნარებში – კრიოპროტექტანტებში ინკუბაციას და შემდეგ პირდაპირ თხევად აზოტში, -196°C -ზე მოთავსებას.

რა მიზეზით ხდება კვერცხუჯრედის გაყინვა?

მიუხედავად იმისა, რომ ქალს რეგულარული მენსტრუაციული ციკლი აქვს, მისი ნაყოფიერების უნარი ასაკის მატებასთან ერთად მცირდება. კვლევები ადასტურებს, რომ 27 წლის შემდეგ ქალის ორგანიზმში მცირედი ცვლილებები ხდება, 35 წლის შემდეგ კი მისი რეპროდუქციული ფუნქცია მკვეთრად მცირდება. შესაბამისად, გვიანდელ ასაკში ქალი ვეღარ შეძლებს ჯანმრთელი კვერცხუჯრედის, და/ან საერთოდ კვერცხუჯრედის პროდუცირებას. ეს შეიძლება უშვილობის მიზეზი გახდეს. ბიოლოგიური შვილის გაჩენის შესაძლებლობას მას სწორედ გაყინული, ახალგაზრდა კვერცხუჯრედების გამოყენება აძლევს.

ანუ, თუ თქვენ ჯერ არ გაქვთ გადაწყვეტილი შვილის გაჩენა, შეგიძლიათ გაყინოთ ჯანმრთელი კვერცხუჯრედები და ამით შეინარჩუნოთ რეპროდუქციული ფუნქცია და გვიანდელ ასაკშიც გახდეთ დედა. 

ამას გარდა, არსებობს დაავადებები, რომლებიც ახალგაზრდა ქალის რეპროდუქციული ფუნქციის ნაადრევ მოშლას იწვევს, ან ისეთ ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს, რომლის დროსაც გამოყენებული პრეპარატები თუ მეთოდები რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევას განაპირობებს.

ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ქალებს კვერცხუჯრედის გაყინვა, ძირითადად, შემდეგი მიზეზებით სჭირდებათ:

ონკოლოგია;

მძიმე ენდომეტრიოზი;

საკვერცხის განმეორებითი ცისტების არსებოება;

ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც შეიძლება საკვერცხეების ნაადრევი განლევის სინდრომით დასრულდეს

ოჯახში ნაადრევი კლიმაქსის ისტორია.

ორსულობის შედეგები გაყინული კვერცხუჯრედების გამოყენებით

გაყინული კვერცხუჯრედის გამოყენებით ორსულობის შედეგები საკმაოდ წარმატებულია: გამოდნობის შემდეგ ორსულობა შემთხვევათა 90%-ში დგება; კვერცხუჯრედის გამოლღობისა და განაყოფიერების შემდეგ კი — დაახლოებით 60%-ში.

ეს წარმატებული შედეგები იმედს ყველა იმ პაციენტს უსახავს, ვისაც კვერცხუჯრედის გაყინვა ჯანმრთელობის ან სოციალური მდგომარეობის გამო, ან პირადი გადაწყვეტილებით ესაჭიროება.