სპერმის მიკროქირურგიული ასპირაცია

რა არის სპერმის მიკროქირურგიული ასპირაცია?

სპერმის მიკროქირურგიული ასპირაცია აზოოსპერმიის დროს, ანუ როცა მამაკაცის რეპროდუქციული სისტემა სპერმატოზოიდებს ვერ წარმოქმნის ან ვერ გამოყოფს, სათესლე ჯირკვლიდან ან სათესლე დანამატიდან ქირურგიული ოპერაცით ხდება.

სპერმის ასპირაციით მიღებული სპერმატოზოიდები გამოიყენება ინ ვიტრო განაყოფიერებით მკურნალობის დროს კვერცხუჯრედის ICSI (ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია) მეთოდით განაყოფიერების პროცესში და წყვილს ეძლევა შესაძლებლობა, ბიოლოგიური შვილი ჰყავდეს.

უროლოგ-ანდროლოგი სპერმის ასპირაციის საჭიროებას  შემდეგი გამოკვლევების საფუძველზე წყვეტს: სპერმის ანალიზი (სპერმოგრამა), ჰორმონალური ანალიზები, სათესლე ჯირკვლების ექოსკოპია, კარიოტიპირება, Y ქრომოსომის მიკროდელეციების ტესტი და სხვა.

ქირურგიული ოპერაცია არის ხანმოკლე პროცედურა.

სპერმის ასპირაცია, მამაკაცის უნაყოფობის გამომწვევი მიზეზის მიხედვით, სხვადასხვა ქირურგიული მეთოდით ხორციელდება:

PESA – ეპიდიდიმიტის პერკუტანული სპერმის ასპირაცია;

TESA – ტესტიკულარული სპერმის ასპირაცია;

TESE – ტესტიკულარული სპერმის ქირურგიული ექსტრაქცია;

MESE – მიკროქირურგიული ტესტიკულარული სპერმის ექსტრაქცია;

Micro TESE – სპერმის მიკროქირურგიული ექსტრაქცია სათესლე ჯირკვლიდან.

მიკრო ტესე – Micro TESE

Micro TESE  — სპერმის მიკროქირურგიული ექსტრაქცია სათესლე ჯირკვლიდან რეპროარტის მამაკაცის უნაყოფობისა და მიკროქირურგიის განყოფილებაში 2023 წელს დაინერგა.

Micro TESE-ს დროს, სათესლე ჯირკვლის გახსნა და სპერმის წარმომქმნელ მილაკებში სპერმატოზოიდების მოძიება მიკროსკოპის გამოყენებით ხდება. ამ ტექნიკის დახმარებით, ძველ, ტრადიციული მეთოდისგან განსხვავებით, სპერმის მიღების სიხშირე დაახლოებით 40-60% -ია, მწვავე პოსტოპერაციული და ქრონიკული გართულებების რისკი კი — მინიმალური. აღსანიშნავია, რომ ოპერაციის შემდეგ მამაკაცებში ტესტოსტერონის დონის დაქვეითების, სხვადასხვა ჰორმონალური დისბალანსისა და შესაბამისად, ერექციული დისფუნქციის რისკებიც პრაქტიკულად არ არსებობს.

სპერმის ასპირაცია ესაჭიროებათ:

მამაკაცებს, რომლებსაც აქვთ აზოოსპერმია (როდესაც ეაკულატში სპერმატოზოიდი არ არის);

მამაკაცებს, რომლებსაც ეაკულაციის პრობლემა აქვთ;

მამაკაცებს, რომლებსაც ტოტალური ასთენო/ნეკროზოოსპერმია აქვთ (როდესაც ეაკულატში ყველა სპერმატოზოიდი უძრავია);

მამაკაცებს, რომლებსაც წარსულში ვაზექტომია აქვთ ჩატარებული (სპერმსავალი გზების ხელოვნური გადაკეტვა).